ჩვენ შესახებ

 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC)  არის  2014 წლის აგვისტოს  ნატო-უელსის სამიტზე დამტკიცებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი ინიციატივა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მთავარ ფუნქციას წარმოადგენს, სხვადასხვა ტიპის სამხედრო ფორმირებების (ქვედანაყოფების) წვრთნა და შეფასება, სხვადასხვა ტიპის სწავლებების შეთავაზებით. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) შეუძლია უზრუნველყოს რეალისტური სასწავლო გარემო ბრაგადებისა და ბატალიონებისათვის, ინსტრუმენტირებული (საველე), ვირტუალური და კონსტრუქციული სწავლების შესაძლებლობის შეთავაზებით, ამოცანით მართვაზე და საერთო საჯარისო შენაერთის წვრთნაზე ფოკუსირებით.   

ამოცანა: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC)  წარმოადგენს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ერთ-ერთ დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის ამოცანაა უზრუნველყოს კონსტრუქციული (სიმულაციური), საველე და ვირტუალური წვრთნა-შეფასება საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის, ასევე NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის, რათა გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები, გააუმჯობესოს NATO-სთან თავსებადობა და ხელი შეუწყოს რეგიონალურ თანამშრომლობას.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი შედგება 3 დაქვემდებარებული ერთეულისგან:

 

სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრი, რომლის ამოცანაა უზრუნველყოს თავდაცვის ძალების, NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფების სწავლებების მხარდაჭერა სიმულაციური და კომპიუტერულ-ტექნიკურ საშაულებებით.

   

წვრთნების შეფასების ცენტრი, რომლის ამოცანას წარმოადგენს განახორციელოს თავდაცვის ძალების ქვეითი ბატალიონის და ბრიგადის ზომის ქვედანაყოფების შტაბის შეფასება, ქვეითი ასეულის ზომის ქვედანაყოფების, საერთაშორისო ოპეარციების შესრულებისათვის მომზადება-შეფასება. ასევე ეროვნული და საერთაშორისო დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა კურსების ჩატარება.

 

საბრძოლო მომზადების ცენტრი, ახორციელებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის და დასავლეთის სარდლობების ქვეითი ბატალიონების წვრთნა-შეფასებას, რათა გააძლიეროს თავდაცვის ძალების შესაძლებლობები.