სიახლეების არქივი

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრს JTEC ახალი ავტოტექნიკა გადმოეცა


ამა წლის 17 სექტემბერს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრს (JTEC) გადმოეცა 15 ახალი ავტომობილი, როგორც ტაქტიკური, ისე ადმინისტრაციული მიზნებისათვის.

ავტომობილების მიღება მოხდა NATO-ს DCB (The Defence and Related Security Capacity Building) პროგრამის ფარგლებში. ეს პროგრამა აძლიერებს ნატოს ურთიერთობას პარტნიორ ქვეყნებთან და უზრუნველყოფს მათ დახმარებას მოთხოვნის შესაბამისად.

ავტოტექნიკის გადმოცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

პირველ ეტაპზე ცენტრს გადმოეცა 12 Toyota Hilux,  2 Toyota Hiace და 1 სამედიცინო ავტომობილი. შემდეგი ეტაპისათვის იგეგმება 5 ხუთტონიანი და 2 ათოტონიანი ავტომობილის მოწოდება. ამჟამად ავტომობილები განთავსებულია JTEC-ის ავტოპარკში.

„JTEC განაგრძობს ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას. ნატოს „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ მიერ სატრანსპორტო ტექნიკის გადმოცემით, ვხედავთ ხანგრძლივი, თუმცა ძალიან ნაყოფიერი პროცესის შედეგს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. მან პროექტში მონაწილე ქვეყნებს ფინანსური კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს JTEC-ის პერსონალის მობილურობისა და ზოგადად, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. პროექტი დანიის სამეფოს, გერმანიის, იტალიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პორტუგალიის, თურქეთისა და გაერთიანებული სამეფოს დაფინანსებით და ნატოს უზრუნველყოფისა და შესყიდვების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.